Android აპლიკაცია: ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა →

კითხვა-პასუხი მართვის მოწმობის გამოცდაზე

რამდენი ბილეთი უნდა ვისწავლო?

ბილეთები არ უნდა ისწავლოთ, ბილეთებით უნდა ივარჯიშოთ. სასწავლად შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის იურიდიულ ლიტერატურას ან მიმართოთ ავტოსკოლას.

რომელ კატეგორიაში რამდენი ბილეთია?

კატეგორიებში ბილეთები შემდეგნაირად ნაწილდება:

კატეგორიების და მათი წესების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ გვერდზე.

რა საბუთები და თანხაა საჭირო თეორიულ გამოცდაზე გასვლისთვის?

A ან B კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა:

  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV 100/ა), ხალხურად — ფსიქო.
  • პირადობის მოწმობა ან ID ბარათი
  • გამოცდაზე გასვლის საფასურის ბანკში გადახდის ქვითარი (57 ლარი, გადახდა ხდება იქვე, ლიბერთი ბანკის ფილიალში)

სხვა კატეგორიების მოწმობის მისაღებ გამოცდებზე, აღნიშნულ სიას ემატება კიდევ ერთი სავალდებულო დოკუმენტი — შესაბამისი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვის პროფესიული მომზადების დამადასტურებელი ცნობა.

არასრულწლოვნების (17 წლამდე) სავალდებულო საბუთების სიას ემატება:

  • დაბადების მოწმობის დედანი (ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
  • თანმხლები მშობელი (ან მშობლის თანხმობა, დამოწმებული ნოტარიულად)
  • საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა

17 წლამდე, ასევე სტუდენტის სტატუსის მქონე პირები თეორიულ გამოცდაზე გასვლისას სარგებლობენ სპეციალური, 17-ლარიანი ტარიფით.

რამდენი ხანი აქვს ვადა ჯანმრთელობის ცნობას?

ჯანმრთელობის ცნობის შსს-ს მომსახურების სააგენტოში წარდგენა მართვის მოწმობის მისაღებად შეგიძლიათ მისი აღებიდან 6 თვის (180 დღის) მანძილზე.

რამდენი წლის ასაკიდან შემიძლია მართვის მოწმობის აღება?

მინიმალური ასაკი მართვის მოწმობის ყოველი კატეგორიისთვის სხვადასხვაა. მაგალითად, B კატეგორიის მიღება შეიძლება 17 წლის ასაკიდან. სხვა კატეგორიების მინიმალური ასაკების სანახავად, გადადით ამ გვერდზე.

რა ენაზე ბარდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა?

თეორიული გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ 8 ენიდან ნებისმიერზე. ეს ენებია: ქართული, აფხაზური, აზერბაიჯანული, ინგლისური, სომხური, ოსური, რუსული და თურქული.

იცვლება თუ არა პრაქტიკის გამოცდის წესი? ემატება ქალაქში ტარება?

პრაქტიკის გამოცდის წესი ამ ეტაპზე არ იცვლება. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ის ჭორი, რომ პრაქტიკის გამოცდას ემატება ქალაქის პირობებში სიარული. ჯერჯერობით ყველაფერი რჩება ძველებურად.

მინდა ავიღო X კატეგორია. მხოლოდ ამ კატეგორიის ბილეთები უნდა ვისწავლო?

დიახ, ყველა ბილეთის სწავლა საჭირო არ არის. უნდა ივარჯიშოთ ბილეთებით მხოლოდ იმ კატეგორიიდან, რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის აღებასაც აპირებთ.

სად შევიძინო ახალი ბილეთების წიგნი?

ახალი ბილეთების წიგნი ჯერჯერობით არ გამოსულა და არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როდის გამოვა. თეორიის საკითხებსა და კანონში არაფერი შეცვლილა, ასერომ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ სასურველი ადრინდელი წიგნით და ჩვენი საიტის ახალი ბილეთებით.

რა ისწავლის ამას?

თქვენ.
ან ისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

რამდენი ბილეთი შემხვდება ნამდვილ გამოცდაზე? რამდენი შეცდომის დაშვების უფლება მაქვს?

B კატეგორიის თეორიის ნამდვილ გამოცდაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, დაგხვდებათ 30 ბილეთი. ბილეთებზე პასუხის გასაცემად გექნებათ 30 წუთი და 3 შეცდომის დაშვების საშუალება. მეოთხე შეცდომა გამოცდას გააჩერებს.

პირველ ჯერზე ჩავიჭერი ძველი ბილეთებით. შემიძლია ისევ ძველი ბილეთებით ვსინჯო გადაბარება?

არა, თეორიის ჩაბარება ხდება მხოლოდ ახალი ბილეთებით, გამონაკლისების გარეშე. თუმცა, სანერვიულო არაფერია — თუ ძველი ბილეთები გააზრებულად გქონდათ ნასწავლი და არა დაზეპირებულად, მაშინ ახალ ბილეთებზე შესაჩვევად სულ რამდენიმე დღიანი ვარჯიში დაგჭირდებათ.

სად ვიპოვო ვიდეო (3D) ბილეთები?

ვიდეო (ან 3D) თავად კითხვაში არ არსებობს. ვიდეო ანიმაცია დაგხვდებათ ნამდვილი გამოცდის დროს, მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ბილეთს უპასუხებთ და იგი გაჩვენებთ, თუ როგორ განვითარდებოდა სიტუაცია გზაზე თქვენი პასუხის შემთხვევაში. ვიდეოს მხოლოდ საილუსტრაციო დანიშნულება აქვს და არანაირად არ მოქმედებს ბილეთის შინაარსზე.

რას ნიშნავს B+C Mil კატეგორია?

ამ სპეც-კატეგორიის ტესტები ბარდება სამხედრო მოსამსახურეების მიერ, რომლებიც იღებენ ერთდროულად B და C კატეგორიის ტრანსპორტის მართვის უფლებას.

რაში მჭირდება ვიცოდე ჯარიმების ოდენობა?

იმაში, რომ თუ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე არ განაღვლებთ, ეგებ თანხაში გამოხატული დანაკილსის ცოდნამ მაინც შეგაჩეროთ კანონის და მოძრაობის წესების დარღვევისაგან.

პრავა თუ მართვის მოწმობა?

რათქმაუნდა „მართვის მოწმობა“. პრავა ჩვენი ბოროტი მეზობლიდან შემოპარული სიტყვაა, რომელიც ამ საიტზე ძალიან არ გვიყვარს. თუმცა, უმეტესობა სწორედ „პრავით“ ეძებს თეორიის სავარჯიშო საიტებს ინტერნეტში, ამიტომ გვიწევს, ასეთ ადგილებში მაინც გამოვიყენოთ ეს სიტყვა, რათა ბევრმა აღმოაჩინოს ჩვენი შესანიშნავი რესურსი!

პასუხების მიმდევრობა და ნომრები რატომ იცვლება ყოველ ჯერზე?

ეს ასე იქნება ნამდვილ გამოცდაზეც — ამით შსს-ს მომსახურების სააგენტო ამცირებს შანსს, რომ რომელიმე მოცლილმა, თეორიის სწავლის ნაცვლად, ყოველი ბილეთის პასუხების ნომრები დაიზეპიროს.

ამ საიტზე ახალი ბილეთებია?

დიახ, ამ საიტზე მხოლოდ ახალი ბილეთებია, რომლითაც ბარდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 2014 წლის 15 დეკემბრიდან.

რას ნიშნავს კატეგორია?

კატეგორია გულისხმობს მართვის მოწმობის კატეგორიას. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობები, რომელიც მის მფლობელს სხვადასხვა ტიპის ავტომობილის მართვის უფლებას აძლევს. დამატებითი ინფორმაცია კატეგორიების და პირობების შესახებ, იხილეთ ამ გვერდზე.

რას ნიშნავს თემა?

თემა (ან საკითხი) არის ბილეთების ჯგუფი, რომელიც მოიცავს თეორიული ცოდნის კონკრეტულ სფეროს. მაგალითად, ამკრძალავი ნიშნები, მარეგულირებლის სიგნალები და ა.შ.

თემებად დაყოფა ამარტივებს თეორიის საკითხების შესწავლას და მათში ვარჯიშს. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ გადახვიდეთ გამოცდის გვერდზე, აირჩიოთ მხოლოდ ის თემები, რომლებიც უკვე გავლილი გაქვთ და მხოლოდ ამ თემების კითხვებით ჩააბაროთ გამოცდა.

უინტერნეტოდ მიწევს ვარჯიში, საიდან გადმოვწერო ბილეთები?

ბილეთების გადმოსაწერი ვერსიები მოთავსებულია ამ გვერდზე. გადმოწერისას მიიღებთ PDF ფაილს, რომლის გასახსნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Chrome ან Adobe Reader.

როგორ ვნახო ტესტები უცხო ენაზე?

ტესტები ხელმისაწვდომია რვა ენაზე. ენის გადასართავად იპოვეთ პატარა დროშა ყოველი გვერდის ზედა, მუქ ზოლში, მენიუს გასწვრივ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საიტის ენა არ იცვლება — ყველა ტექსტი კვლავ ქართულად იქნება, უცხო ენაზე გამოჩნდება მხოლოდ ბილეთები.

რატომ უნდა დავრეგისტრირდე?

საიტზე რეგისტრაციას ბევრი უპირატესობა აქვს:

  1. დარეგისტრირებული მომხმარებლები მონაწილეობას ღებულობენ შეჯიბრში, სადაც მთავარი პრიზი — დაგროვილი ცოდნა და გამოცდილებაა.
  2. წევრობის დროს, შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ისტორიის გვერდი, სადაც ადრე გავლილ გამოცდებს ნახავთ. ყოველ გამოცდას დეტალური გვერდი აქვს, ამ გამოცდაში ამოსული ბილეთებით და თქვენი გაცემული პასუხებით. აქედანვე შეძლებთ შედეგის გაზიარებას ან მეგობრის გამოწვევას — გაუგზავნეთ მას ამ გამოცდის ბმული და მას ზუსტად იგივე ბილეთების გავლის საშუალება ექნება.
  3. წევრები ხედავენ საკუთარ სტატისტიკას, რომელიც შეუცვლელი გვერდია თეორიაში ვარჯიშის დროს. ამ გვერდზე ჩანს ყოველი დღის მონაცემები, როდის რამდენი კითხვა გაიარა, რამდენი შეცდომა დაუშვა, სულ რამდენი ხანი ივარჯიშა და ა.შ. რაც მთავარია, აქ შეძლებთ ნახოთ საშუალოდ, რომელი თემების კითხვებში უფრო მეტ შეცდომას უშვებთ, ანუ — რომელი თემები და კითხვები უფრო გიჭირთ, რათა ამის მიხედვით ივარჯიშოთ უფრო მეტი, თქვენთვის რთულ თემებში.
    შეცდომების სტატისტიკის ვარდნაც შესანიშნავი სანახავია — ფოტოს გადაღებას და ფეისბუქზე დაშეარებას რომ მოგანდომებთ :)
  4. რეგისტრირებული მომხმარებლების მონაცემები ყველა კომპიუტერზე შენახული ხვდებათ. თუ თქვენ ვარჯიშობთ სახლშიც, სამსახურშიც და მეგობართანაც, გამოცდის გვერდის პარამეტრები და მთელი ისტორია ყოველ ჯერზე იდენტური დაგხვდებათ.
  5. და ბოლოს — საიტზე რეგისტრაციით თქვენ იქმნით On.ge-ს ანგარიშს. ეს ანგარიში კიდევ ბევრ სასარგებლო რესურსზე გამოგადგებათ უახლოეს მომავალში. Something big is coming on.ge

რა განსხვავებაა “გამოცდის” და “ბილეთების სიის” გვერდებს შორის?

გამოცდის გვერდზე ნამდვილი გამოცდის მსგავსი პროგრამა იტვირთება. მონიშნავთ სასურველ კატეგორიას, თემებს და გაივლით რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გამოცდას — დროის ათვლით, სწორი და არასწორი პასუხების დათვლით და ისტორიაში დამახსოვრებით.ბილეთების სიის გვერდი კი უბრალოდ თემატურად დალაგებული ჩამონათვალია. იგი გამოსადეგია რომელიმე თემის სათვალიერებლად ან გამოცდამდე, სწრაფად თვალის გადასავლებად.

სად ვნახო ჩემი გამოცდების ისტორია?

ამ საიტზე ნავარჯიშები გამოცდების ისტორიის სანახავად, დარწმუნდით რომ რეგისტრირებული ხართ და დააჭირეთ ამ ბმულს. ან — იპოვეთ მთავარ მენიუში [ჩემი ანგარიში]→[გამოცდების ისტორია].

მუქ ფონზე თეთრი ასოები თვალებს მტკენს...

ჩვენც. მაგრამ გადავწყვიტეთ, ასე დაგვეტოვებინა, რადგან ნამდვილ გამოცდაზე სწორედ ასეთი ბილეთები დაგხვდებათ. თუმცა, შეგიძლიათ აქ მაინც არ დაიტანჯოთ თავი და გადართოთ ღია ფერის ბილეთებზე — ამისთვის იპოვეთ შავ-თეთრად გაყოფილი წრის ხატულა მთავარი მენიუს გასწვრივ, დროშის გვერდით და აირჩიეთ ღია ფერის ბილეთები.

როგორ ვაჩვენო მეგობარს ჩემი ვარჯიშის შედეგი?

საიტზე გავლილი გამოცდის შედეგები შეგიძლიათ ნახოთ თქვენს ისტორიაში. დააჭირეთ ისტორიის ჩანაწერს და გაუზიარეთ ბმული მეგობარს.

როგორ ვაჩვენო მეგობარს რომელიმე ბილეთი?

ამის ორი გზა არსებობს:

  1. დააჭირეთ ბილეთის ზედა მარჯვენა კუთხეში მწვანე კითხვის ნიშანს. გახსნილ ფანჯარაში, ნახეთ ბმული „ბილეთის გვერდი“. შედით ამ ბმულზე და გაუგზავნეთ იგი მეგობარს.
  2. ან უბრალოდ უთხარით მეგობარს ბილეთის ნომერი — იგი ყოველ ბილეთს, ზედა მარცხენა კუთხეში აწერია (მაგალითად, #341). მეგობარი კი, შევა ბილეთების სიაში და სიის თავში, შეიყვანს ნომერს ბილეთზე გადასასვლელ ფორმაში.

სად ვნახო ბილეთის განმარტება?

ბილეთის განმარტების სანახავად დააჭირეთ მწვანე კითხვის ნიშანს, ყოველი ბილეთის ზედა მარჯვენა კუთხეში. კითხვის ნიშანი გამოჩნდება ბილეთზე მაუსის მიყვანისას.

როგორ ვივარჯიშო მხოლოდ იმ თემებში, რომლებიც ნასწავლი მაქვს?

ეს ძალიან მარტივი და სასარგებლო ფუნქციაა! შედით გამოცდის გვერდზე და თემების ბლოკში მონიშნეთ მხოლოდ ის თემები, რომლებიც გავლილი გაქვთ.

გსურთ რომ 30-ის მაგივრად, ამ თემების ყველა ბილეთში მოსინჯოთ ძალა? მაშინ ჩართეთ თოლია „ყველა კითხვა არჩეული თემებიდან“, ბილეთების რიცხვის შესაყვანი ბლოკის ქვეშ.

როგორ ვნახო გამოცდის დროს დაშვებული შეცდომები?

გამოცდის მსვლელობის დროს, ღილაკების (გამოტოვება, შემდეგი...) ქვეშ მოცემულია უჯრებად დაყოფილი ზოლი. ყოველი უჯრა — მიმდინარე გამოცდის ერთი ბილეთია. წითელი უჯრა არასწორ პასუხს ნიშნავს, მწვანე — სწორს, სტაფილოსფერი უჯრით კი მიმდინარე ბილეთია მონიშნული. წინა ბილეთების სანახავად, გადაატარეთ მაუსი ამ უჯრებზე და ყველაფერი ნათელი გახდება.

როგორ მოვხვდე შეჯიბრის გვერდზე?

შეჯიბრის გვერდზე მოხვდება მხოლოდ იმ გამოცდის შედეგი, რომელსაც დარეგისტრირებული მომხმარებელი გაივლის და თანაც — [B, B1] კატეგორიის ყველა თემის 30 ბილეთით. დანარჩენი კი თქვენს სისწრაფესა და სისწორეზეა დამოკიდებული.

როგორ ვიპოვო მართვის მოწმობის სავარჯიშო მობილური აპლიკაციები?

მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის. იპოვეთ Play Store-ში ან გადმოწერეთ ამ ბმულიდან. iOS მოწყობილობებისთვის კი აპლიკაცია უახლოეს მომავალში ჩაეშვება. გვადევნეთ თვალი ფეისბუქზე და აუცილებლად შეგატყობინებთ.

რა ღირს თქვენთან სწავლა?

ეს ავტოსკოლის საიტი არ არის. ჩვენს საიტზე სწავლა და ვარჯიში სრულიად უფასოა. თუ მაინც გჭირდებათ დახმარება, შეგიძლიათ გადახედოთ თბილისის ავტოსკოლების კატალოგს რუკაზე და შეარჩიოთ უახლოესი მათგანი.

რომელ ავტოსკოლას მირჩევთ?

ჩვენ ბევრ ავტოსკოლასთან ვმეგობრობთ, ამიტომ რომელიმეს ნამდვილად ვერ გირჩევთ — დანარჩენებს ეწყინებათ. რეალურად კი, ცუდი ავტოსკოლის პოვნა ძალიან რთულია; თეორიის სწავლის პროცესში ხომ მთავარი თქვენი მონდომებაა.

კიდევ რაღაც მაინტერესებს…

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზს ნომერზე (032) 241‑91‑91 ან დაგვიტოვეთ შეკითხვა ქვემოთ, კომენტარებში. ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ფეისბუქზე ან ელფოსტაზე info@on.ge